საქართველო: პროტესტში მონაწილე ქალები ძალადობის და გენდერული ნიშნით შურისძიების მზარდი ტალღის სამიზნე ხდებიან

საქართველოში, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების დაშინების და დასჯის ფართო კამპანიის ფარგლებში, პოლიცია სულ უფრო ხშირად იყენებს გენდერული ძალადობის ფორმებს პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ. მათ შორის პიროვნების ღირსების შემლახველ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და სხეულის სრული გაშიშვლებით ჩხრეკის უკანონო, დამამცირებელ პრაქტიკას, ნათქვამია Amnesty International-ის დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში.

პოლიციის მხრიდან ძალადობის სცენები, ისევე როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უცნობი პირების მიერ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმები, შემაშფოთებლად ხშირ მოვლენად იქცა საქართველოში მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანაში მძლავრი პროევროპული და ანტისამთავრობო პროტესტის ტალღა დაიწყო. რეპრესიების მიუხედავად, პროტესტში მონაწილე ქალები გამბედაობისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ. თუმცა, ამავდროულად, ისინი სულ უფრო ხშირად და მიზანმიმართულად ხდებიან დამცირების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე.

“ხელისუფლება შესაძლოა იმედოვნებდა, რომ ქალების დაშინებით, სექსუალური ძალადობის მუქარით, საცხოვრებელი სახლების უკანონო ჩხრეკით, უკანონო გაშიშვლებითა და თვითნებური დაკავებებით შეძლებდა მათ დაშინებას და პროტესტის ჩახშობას. თუმცა, ამის ნაცვლად, უფრო მწვავე საპასუხო პროტესტი მიიღეს, სადაც ქალები საჯაროდ უპირისპირდებიან ძალადობას და ითხოვენ სამართლიანობას. საქართველოს ქალებმა სახელისუფლებო რეპრესიები მშვიდობიანი წინააღმდეგობისა და სოლიდარობის სტიმულად გარდაქმნეს,“ თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

სახელმწიფო ძალადობა და გაშიშვლებით დამამცირებელი ჩხრეკა

ბოლო თვეებში Amnesty International-მა დააფიქსირა არაერთი ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები დემონსტრანტების წინააღმდეგ, როგორიცაა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა, უკანონო გაშიშვლება და ჩხრეკა.

 აღნიშნული პრაქტიკა, სულ უფრო ხშირად და მიზანმიმართულად გამოიყენება პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ რაც არათანაბრად მძიმე ზეგავლენას ახდენს მათზე. ასეთი მოპყრობა არღვევს არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს გენდერული ნიშნით ძალადობას და ჩხრეკის დროს სრულ გაშიშვლებას, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის ღირსების დაცვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პოლიციამ, 2025 წლის 28 მარტს დაკავების შემდეგ, ძალის გამოყენებით გააკავა, გააშიშვლა და შიშველ მდგომარეობაში საწოლზე ძალის გამოყენებით დააწვინა მეტალოდეტექტორის გადასატარებლად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად რასაც თან დაერთო წნევის აწევა და პირღებინების რეფლექსი, პოლიციელებმა მას არ მისცეს არც წამლის მიღების და არც საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება.

საპროტესტო ფეისბუკ-ჯგუფის თანადამფუძნებელი ქრისტინა ბოტკოველი,მის სახლში 2025 წლის 1 თებერვალს მოწყობილი საპოლიციო ჩხრეკის დროს, მუქარების და დაშინების თანხლებით აიძულეს ხანდაზმული დედის წინაშე სრულად გაშიშვლებულიყო და შიშველ მდგომარეობაში ბუქნები გაეკეთებინა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ იგი შეუძლოდ გახდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აქტივისტი ნინო მახარაძე 2025 წლის 13 იანვარს მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში  უკანონოდ გააშიშვლეს. პოლიციამ მას არ მისცა უფლება, დაჰკავშირებოდა ოჯახსა და მეგობრებს და მხოლოდ გაშიშვლების და ჩხრეკის შემდეგ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება.

5 მაისს, როდესაც საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, ნინო მახარაძეს და მის ორ მეგობარ ქალს უცნობმა თავდამსხმელმა სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენა და  წიწაკის სპრეი და მწვანე საღებავი შეასხა. სამივე ქალს დაზიანებები მიადგა, მათ შორის ქიმიური დამწვრობა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა და დაშინება

მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფადა სექსუალური ძალადობის მუქარა კიდევ ერთი გავრცელებული ტაქტიკაა, რომელსაც სამართალდამცავები დაშინების და დევნის მიზნით იყენებენ. 2025 წლის 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართული დემონსტრაციის დროს Amnesty International-ის წარმომადგენელი პირადად გახდა მოწმე, როგორ მიმართავდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს, მათ შორის ქალებს სექსისტური, შეურაცხმყოფელი და უშვერი სიტყვებით, ამცირებდნენ და ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებზე აპელირებით. რამდენიმე ქალის თქმით, ნიღბიანი პოლიციელები მათ გაუპატიურებით და სხვა სახის სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდნენ.

უფრო ადრე, 2024 წლის 19 ნოემბრის დემონსტრაციის დროს დაკავების შემდეგ ნათია ძიძიგური პოლიციის მიკროავტობუსში აიძულეს, მუხლებზე მდგარიყო კაცების გარემოცვაში, ხოლო პოლიციელები მის მიმართ სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფას და  ჟესტებს იყენებდნენ.

ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გახდა პოლიციის მიერ დამამცირებელი მოპყრობის და შეურაცხყოფის მსხვერპლი 11 იანვარს მისი დაკავებისას. ვიდეოში, რომელიც ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გამოიყენა, ჩანს, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს სილა გააწნა მასთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდგომ.  იგივე ვიდეოში ნათლად ისმის, როგორ ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს მისი დაკავების დროს, თუმცა ეს ფაქტი სრულიად უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ. მოსამართლემ დაჩქარებული განხილვის წესით მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა და დაუსაბუთებლად უარი განაცხადა დაცვის მხარის მტკიცებულებების მიღებაზე, რითაც მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია. მზია ამაღლობელის საქმისადმი მართლმსაჯულების უსამართლო მიდგომას ასევე უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ დღემდე ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება არც ერთი იმ სამართალდამცავის მიმართ, რომლებმაც, სავარაუდოდ, მზია ამაღლობელისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმები. ასევე არ მომხდარა აღნიშნული პირების უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში.

სისტემური ძალადობა და არა ცალკეული სამართალდარღვევის შემთხვევები

პროტესტში მონაწილე ქალთა წინააღმდეგ სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევები სისტემურიძალადობის და  დაუსჯელობის ფართო სურათის ნაწილია. დემონსტრანტი ქალების დამცირება, მათ მიმართ დამამცირებელი  სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა და უკანონო გაშიშვლება და ჩხრეკა საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეების დაშინების და დასჯის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. ადგილობრივი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის, განსაკუთრებით კი იძულებით და უკანონოდ გაშიშვლების ბევრი მსხვერპლი — როგორც ქალები ასევე კაცები — ამ ფაქტებზე შიშისა თუ სირცხვილის გამო შესაძლოა დუმილს ირჩევდეს.

ასეთი ქმედებები შეიძლება გაუტოლდეს წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს, რითაც ირღვევა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და  კანონმდებლობა, არამედ  ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ გაერო-ს კონვენცია და საერთაშორისო სტანდარტები.

„როგორც ჩანს, უკანონო, პირადი სივრცის ხელმყოფი და ღირსების შემლახავი გაშიშვლება და ჩხრეკა საქართველოში დემონსტრანტების, განსაკუთრებით კი პროტესტში მონაწილე ქალების დამცირების და დაშინების ინსტრუმენტად იქცა, რაც როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალის  უკანონო გამოყენება, გენდერული ძალადობის ჩათვლით. ხელისუფლება ვალდებულია,

 ეფექტიანად გამოიძიოს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა კანონდარღვევა თუ დანაშაული და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება როგორც სამართალდამცველების ასევე სახელმწიფო დონეზე,“ თქვა დენის კრივოშეევმა.