საქართველო: „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, ზღუდავს რა გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას

„საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი იმ ორი  განხილვაში მყოფი კანონპროექტიდან, რომლებიც ფიზიკურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში უცხოური გავლენის აგენტებად, თუ მათი დაფინანსების, სულ მცირე, 20% უცხოეთიდან აქვთ მიღებული,“ განაცხადეს Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა 7 მარტს. ამ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში დაწესდება დამატებითი ანგარიშვალდებულების მძიმე მოთხოვნები, ინსპექციები, ასევე, დარღვევებზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ეს კანონპროექტები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და სტანდარტებს, რომლებიც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას იცავს.

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მარგინალიზების და დისკრედიტირების მცდელობაა, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებით საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან,“ განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა, „მათი აშკარა მიზანი კრიტიკული ჯგუფებისა და მედიის შეზღუდვაა, ისინი არღვევენ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და მათ ძლიერი მსუსხავი ეფექტი ექნება იმ ჯგუფებსა და ინდივიდებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის მუშაობენ.“

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მარგინალიზების და დისკრედიტირების მცდელობაა, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებით საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან

ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა

გაერთიანებული საპარლამენტო კომიტეტების მიერ ამ კანონპროექტების განხილვაზე, რომელიც 2023 წლის 2 მარტს გაიმართა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების პარლამენტის წევრებს შორის. ეს კანონპროექტები მშვიდობიანად გააპროტესტეს პარლამენტის შენობის გარეთ, რასაც 36 ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა. დაპატიმრებულებს ადმინისტრაციული ბრალდებები წარუდგინეს ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 22 ადამიანი ელოდება სასამართლოს.

საპარლამენტო ფრაქციამ, რომელიც მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიიდან წამოსულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა წევრებმა შექმნეს, 14 თებერვალს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  წარუდგინა. ეს კანონპროექტი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიას, რომლებსაც წლიური შემოსავლის 20% და მეტი  ფულადი თუ არაფულადი მხარდაჭერის ფორმით აქვთ „უცხოური ძალისგან“ მიღებული, „უცხოური გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში. კანონპროექტის განსაზღვრებით, „უცხოური ძალა“ არის უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების უწყებები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან საქართველოში დაფუძნებული, ასევე, ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, კავშირები და სხვა სახის ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

„უცხოური გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებული ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ვალდებული იქნებიან, წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, ნებისმიერი თანხის მიზნისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალურ სიკეთის შესახებ. ეს ვალდებულებები საგადასახადო და სხვა ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულების უკვე არსებულ მოთხოვნებს იმეორებს და კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის იმათ კონფიდენციალურობას, ვინც ამ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებთან არის დაკავშირებული. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. კანონპროექტების მომხრეებს არ აუხსნიათ, როგორ გაზრდის ეს დუბლირებული და გაზრდილი ბიუროკრატიული ვალდებულებები გამჭვირვალობის ან ანგარიშვალდებულების ხარისხს. ეს ვალდებულებები უფრო დაუფარავ მცდელობას ჰგავს, შეიზღუდოს დამოუკიდებელი გაერთიანებებისა და მედიის თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი და მოხდეს მათი სტიგმატიზება, ამბობენ Human Rights Watch და Amnesty International.

რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეს კანონმდებლობა 25,000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეს კანონმდებლობა 25,000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს

22 თებერვალს პარლამენტის იმავე წევრებმა კანონპროექტის კიდევ ერთი, ალტერნატიული ვერსია დაარეგისტრირეს, რომლითაც ფართოვდება „უცხოური გავლენის აგენტების“ წრე მასში ფიზიკური პირების შეყვანით და დარღვევებზე სანქციები 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებით მკაცრდება. ამ კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, „უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე,“ მიჩნეული იქნება „უცხოური ძალის აგენტად,“ თუ ის: ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; ანდა აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას, და წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს. ამ ბუნდოვანი ცნებების უმრავლესობა, მათ შორის „პოლიტიკური აქტივობები,“ კანონით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს გაერთიანების თავისუფლების უფლება.

27 თებერვალს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, ორივე კანონპროექტი გადაეგზავნა განსახილველად შესაბამისი კომიტეტებისთვის. მმართველმა „ქართული ოცნების“ პარტიამ ამ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.  

ეს კანონპროექტები მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ორმხრივმა პარტნიორებმა. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 400-მდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია  აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება იქნება „შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე — ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე“ და ზიანს მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს.

26 თებერვალს გაერთიანებული  ერების ორგანიზაციამ საქართველოში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებამ „შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.“ კანონპროექტი გააკრიტიკეს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის სპიკერებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელთა განცხადებებითაც, კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. 28 თებერვლის  ღია წერილში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, თქვა, რომ კანონს ძლიერი მსუსხავი ეფექტი ექნება საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებს, რადგან „ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას“ ის მხარს ვერ დაუჭერს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებს, რადგან „ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას“ ის მხარს ვერ დაუჭერს

მმართველი პარტია, რომელსაც ვეტოს დასაძლევად საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.  მხარდამჭერები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტები  აშშ-ის კანონის უცხოური აგენტების რეგისტრირების შესახებ (FARA) მსგავსია, ხოლო მეორე ვერსია FARA-ს ზუსტი თარგმანია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ შედარებას არაკეთილსინდისიერი და მცდარი უწოდეს, ვინაიდან აშშ-ის კანონი ლობისტების საქმიანობას არეგულირებს და არ გამოიყენება  სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის დასასუსტებლ მექანიზმად.. ამერიკული კანონით ა სრული ან ნაწილობრივი უცხოური დაფინანსება არ უთანაბრდება უცხო ძალის პირდაპირი მითითების და უშუალო კონტროლის ქვეშ ყოფნას. ქართული კანონპროექტების ინიციატორთა და მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებები, რომლებიც სულ უფრო კრიტიკულია ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მიმართ, აჩენს მყარი ვარაუდის საფუძველს, რომ ამ კანონპროექტს, მისი მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიის უფრო მეტი სტიგმატიზებისა და დასჯის იარაღად გამოიყენებს.

2 მარტს პროსახელისუფლებო ტელეარხ „იმედზე“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერმა, რომელიც საპარლამენტო კოალიციას მართავს, თქვა, რომ კანონპროექტს „პრევენციული ეფექტი“ ექნება „რადიკალურ ოპოზიციასა და მასთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“ და შედეგად, დონორები „თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან.“

მმართველი კოალიცია „რადიკალურად“ მიიჩნევს ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებებს, და მათ ცალმხრივად სდებს ბრალს ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავებაში. მსგავს განცხადებებს მსუსხავი ეფექტი აქვს ხელისუფლების კრიტიკოსებზე, რომლებმაც, დამსჯელი ზომების შიშით, შესაძლოა თავი შეიკავონ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვისგან.

კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ „ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითა“ და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით“ (ICCPR) ნაკისრ ვალდებულებებს. საერთაშორისო სამართლით დასაშვებია გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების უფლების გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ასეთი შეზღუდვები მკაფიოდ უნდა გაიწეროს ხელმისაწვდომი კანონით და უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი და პროპორციული საშუალება. Human Rights Watch და Amnesty International აცხადებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და არათანაზომად შეზღუდვებს აწესებს ამ უფლებებზე.

ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიების, მიღებისა და გამოყენების უფლება გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია. ის დადგენილია ადამიანის უფლებათა მრავალი საერთაშორისო და რეგიონული დოკუმენტით, მათ შორის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2007 წლის რეკომენდაციით „ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის შესახებ.“

2022 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რაც ქართული კანონპროექტების მსგავსია, არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანებების თავისუფლების უფლებას. სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია საგანგებო სტატუსის და იურიდიული რეჟიმის დაწესება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან იღებენ, და დაადგინა, რომ შეზღუდვები ამ ორგანიზაციებს ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებაში უშლიდა ხელს.

შეთავაზებული კანონპროექტები ფეხქვეშ თელავს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი არასოდეს არ უნდა იქნეს მიღებული

მერი სტრაზერსმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა

„შეთავაზებული კანონპროექტები ფეხქვეშ თელავს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი არასოდეს არ უნდა იქნეს მიღებული,“ განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მერი სტრაზერსმა, „ისეთი კანონპროექტების მიღების ნაცვლად, რომლებიც აშკარად უშლის ხელს იმ დამოუკიდებელი ჯგუფების მუშაობას, რომლებიც მთავრობას არ მოსწონს, ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფის გზებზე უნდა მსჯელობდეს.“