საქართველო

🠔 უკან

მმართველმა პარტიამ ძალაუფლების უზურპაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობა განაგრძო. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა სახელმწიფო და საპოლიციო უფლებამოსილებები, მეტისმეტად შეიზღუდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება და დასუსტდა სამოქალაქო საზოგადოება. პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად, დააკავა ასობით ადამიანი და არასათანადოდ მოეპყრო მათ. პარლამენტმა ახალი დისკრიმინაციული კანონი მიიღო. კვლავ ვრცელდებოდა ცნობები ოკუპირებულ რეგიონებში სამოქალაქო პირების არაადამიანურ პირობებში პატიმრობის შესახებ.

ზოგადი მონაცემები

მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლებმაც შეზღუდა ადამიანის უფლებები, დაასუსტა სამოქალაქო საზოგადოება და შეარყია სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. შედეგად, მაისში, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც, ფართოდ გავრცელებული ცნობების თანახმად, ხმათა გაყალბებითა და ამომრჩეველთა დაშინებით ჩატარდა, მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა და უწყვეტი საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. პროტესტმა ახალი ძალით ნოემბერსა და დეკემბერში იფეთქა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.

გაერთიანების თავისუფლება

მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური იყო, ავალდებულებდა, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური გავლენის აგენტებად და შეესრულებინათ ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მძიმე და შემაწუხებელი მოთხოვნები. კანონი მთავრობის კრიტიკოსი ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ეს კანონი თავისუფალი სიტყვის, გაერთიანების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შეზღუდვად და პროპორციულობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევად მიიჩნია.

9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი ამ კანონის გადასინჯვის თაობაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის დროებით შეჩერებაზე უარი თქვა.

🠕 ზემოთ

გამოხატვის თავისუფლება

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ოპონენტები და პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეები შევიწროებასა და ძალადობას განიცდიდნენ და ცილისმწამებლური კამპანიების სამიზნეები იყვნენ. პროტესტებში მონაწილე ათობით აქტივისტს დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს, ჩასაფრება მოუწყვეს და დაზიანებები მიაყენეს. ხშირად ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. ზოგი ეს თავდასხმა ხელისუფლების მიერ კოორდინირებული,  წახალისებული თუ პროვოცირებული ჩანდა.    

11 ივნისს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი საკუთარ სახლთან ახლოს სასტიკად სცემეს. ამ ინციდენტამდე ორიოდე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ იგი საჯაროდ დაადანაშაულა მმართველი პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიაში მონაწილეობაში.

წლის ბოლოსთვის არც ერთი ეს შემთხვევა არ ყოფილა ეფექტიანად გამოძიებული.

დეკემბერში მიღებულმა კანონმდებლობამ მთავრობას საშუალება მისცა, ჩაეტარებინა საჯარო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაცია და საჯარო მოხელეები პოლიტიკური მოტივით დაეთხოვა. წლის ბოლოსთვის 100-ზე მეტი საჯარო მოხელე, რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს სოლიდარობა პროტესტის მიმართ, სამსახურიდან თვითნებურად გაათავისუფლეს.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

პროტესტი მძლავრი და ხალხმრავალი იყო, განსაკუთრებით აპრილსა და მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების და ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ.

ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად პოლიცია არაკანონიერ ძალას იყენებდა, მათ შორის გაფრთხილების გარეშე ახლო მანძილიდან უმიზნებდა დემონსტრანტებს ქიმიურ გამღიზიანებლებსა და წყლის ჭავლს, სცემდა და აკავებდა ასობით ადამიანს.[i]

პოლიცია დემონსტრანტებს საპროტესტო აქციების მიღმაც დევნიდა, ჩხრეკასა და დაკავებებს ატარებდა მათ სახლებსა და ოფისებში. მხოლოდ ნოემბერ-დეკემბრის პროტესტების დროს დაახლოებით 500 ადამიანი იქნა დაკავებული.

პოლიციის სამიზნე ჟურნალისტებიც იყვნენ, რომლებიც ამ რეპრესიებს აშუქებდნენ. გავრცელებული ცნობებით, ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მათ აღჭურვილობას უნადგურებდნენ და სხვაგვარადაც უშლიდნენ ხელს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

3 მაისს, თბილისში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები დემონსტრანტების მასაში შევარდნენ, რამდენიმე მათგანს ალყა შემოარტყეს და სცემეს. დეკემბერში ნიღბიან პირთა დაუდგენელმა ჯგუფებმა არაერთხელ იძალადეს დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე, პოლიცია კი იქვე უმოქმედოდ იდგა. არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ სათანადოდ და არც ერთი მოძალადე პოლიციელი თუ თავდამსხმელი არ გამოუვლენიათ და პასუხისგებაში არ მიუციათ.

ახალი კანონმდებლობით, რომელიც 30 დეკემბრიდან ამოქმედდა, კიდევ უფრო შეიზღუდა თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებები და დიდი ჯარიმები დაწესდა საპროტესტო ლოზუნგების გაკვრაზე, ნიღბების ტარებასა და არასრულწლოვანთა პროტესტში მონაწილეობაზე. პოლიციას მიენიჭა უფლება, „პრევენციულად,“ დანაშაულის სავარაუდოდ ჩადენის ეჭვის საფუძველზე დააკავოს ადამიანები, მაქსიმუმ, 48 საათით.


[i]Georgia: authorities must stop using unlawful force against peaceful protesters and ensure accountability”, 3 May

🠕 ზემოთ

წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა

აპრილ-მაისის დემონსტრაციების დროს 100-ზე მეტმა პირმა განაცხადა, რომ სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა როგორც დაპატიმრებისას, ასევე პატიმრობაში ყოფნის დროს. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს გახშირდა. 300-ზე მეტმა დემონსტრანტმა, ანუ დაკავებულთა უმრავლესობამ, არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, ხოლო 80-ზე მეტმა თქვა, რომ სერიოზული ტრავმებით იქნა ჰოსპიტალიზებული.[i]

დაკავებულები დემონსტრანტები, როგორც წესი, დაუდგენელ ადგილებში გადაჰყავდათ, მათ შორის თბილისის გარეთ. მათ არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან დაკავშირების საშუალებას და 24-დან 48 საათამდე ტოვებდნენ პატიმრობაში გონივრული საფუძვლის გარეშე, ანუ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით. ზოგ შემთხვევაში, დაშავებულ დაკავებულებს უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებასა და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციაზე.

14 მაისს პოლიციელებმა თავად გადაიღეს ვიდეო, თუ როგორ სცემდნენ და ახრჩობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტ დავით ქაცარავას. ის საავადმყოფოში თავის ტვინის მძიმე შერყევითა და სახის ძვლების მოტეხილობით მოათავსეს. 24 ივლისს სასამართლომ დავით ქაცარავა 2,000 ლარით (720 აშშ დოლარი) დააჯარიმა პოლიციელის ბრძანების  დაუმორჩილებლობისთვის. წლის ბოლოს მისი სავარაუდო წამების საქმის გამოძიება კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობდა.


[i] “Georgia: Police committing shocking human rights violations amid ongoing crackdown on protesters”, 13 December

უსამართლო სასამართლო პროცესები

აპრილ-მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის ანტისამთავრობო პროტესტთან დაკავშირებით გამართულ ასობით უსამართლო პროცესზე დემონსტრანტებს ადმინისტრაციული სასჯელები დაეკისრათ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის ბრძანების დაუმორჩილებლობის მუხლებით.

50-ზე მეტი დემონსტრანტი გასამართლდა ყალბი ბრალდებებით, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების დაბლოკვის, ჯგუფური ძალადობის,  დანაშაულებრივი ზიანისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ზოგიერთმა განაცხადა, რომ მათ იძულებით, ადვოკატის გარეშე, მოაწერინეს ხელი აღიარებაზე. ამ პროცესების უმეტესობა წლის ბოლოსთვის არ იყო დასრულებული.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 14 მაისს დააკავეს პოლიციის მიერ აღმართული დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის, ხოლო ბრალი ისეთი დანაშაულისთვის წაუყენეს, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯანსაღი გარემოს უფლება

აგვისტოში სასამართლომ აკრძალა დემონსტრაციები, რომლებიც ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის ბინადრებმა მარტში დაიწყეს. შუქრუთელები სამთო-მომპოვებელ კომპანიას მანგანუმის მოპოვების სამუშაოების შედეგად მათი სახლებისა და სავარგულების დაზიანებას და მათთვის ადეკვატური კომპენსაციის გადაუხდელობას ედავებოდნენ. სექტემბერში რამდენიმე დემონსტრანტმა თბილისში გადმოინაცვლა, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო და ხელისუფლებას ამ პროცესში ჩართვა და ზარალის დამოუკიდებელი შეფასების ჩატარება მოსთხოვა. პროტესტანტებსა და კომპანიას შორის მთავრობის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს არანაირი ხელშესახები შედეგი არ მოუტანია.

🠕 ზემოთ

ლგბტი პირთა უფლებები

17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. კანონი არაერთ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ზომას ითვალისწინებს, მათ შორის კრძალავს ისეთი ინფორმაციის გავრცელებას და საჯარო შეკრების ჩატარებას, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინების პოპულარიზაციად მიიჩნევა. მეორე დღეს ცნობილი ტრანსგენდერი ქალი მისსავე სახლში მოკლეს. ლგბტი პირთა უფლებების დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ ახალმა კანონმა და  ხელისუფლების რიტორიკამ, რომელიც მის მიღებას უძღოდა წინ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულის ჩადენა წაახალისა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი

სიცოცხლის უფლება

9 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის არა ერთი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლება დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების დადგენისა და დაცვის პროცესში. სასამართლომ მიიჩნია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარი ინციდენტები „საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული“ იყო დასკვნის გამოსატანად, რომ რუსეთი ასეთ სისტემატურ დარღვევებზე თვალს ხუჭავდა.

დაკავების არაადამიანური პირობები

წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო პირებს მძიმე საპატიმრო პირობებში ათავსებდნენ და ადვოკატსა და სამედიცინო მომსახურებასთან წვდომას უზღუდავდნენ.

🠕 ზემოთ