საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დაშლის დროს ასობით დემონსტრანტი დარბევის სასტიკი მეთოდების, თვითნებური დაკავებების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, განაცხადა „საერთაშორისო ამნისტიამ“ დღეს.
დეტალურ მიმოხილვაში, რომელიც პოლიციის ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონათხრობებსა და ვიდეო მტკიცებულებებს ეყრდნობა, აღწერილია ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევები, მათ შორის ძალის უკანონო გამოყენება, წამება და სხვა სასტიკი მოპყრობა, ასევე ჟურნალისტებზე განზრახ თავდასხმები. „საერთაშორისო ამნისტიის“ დასკვნები მიუთითებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ რეპრესიებზე, რომლებიც განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ არის მიმართული.
ძალადობრივი რეპრესიები 29 ნოემბერს ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გაძლიერდა და მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე მეორდება, დემონსტრანტები კი ქუჩაში კვლავ გამოდიან. უკვე 460-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან თითქმის 300 უმოწყალო ცემასა და სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს.
„პროტესტზე ქართული პოლიციის ულმობელი რეაგირება მსოფლიომ ჟურნალისტების მუშაობის წყალობით იხილა, რომლებიც ამ მოვლენებს თავიანთი უსაფრთხოების რისკის ფასად აშუქებენ. თუმცა ბევრად უფრო სასტიკი — და ნაკლებად ხილული — ის ძალადობაა, რომელიც მხედველობის არეს მიღმა ხდება: დაკავებული დემონსტრანტების მიმართ წამების და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმების ფართოდ გამოყენება, რის შედეგადაც ათობით ადამიანს მოტეხილობები და ტვინის შერყევა აქვს. ხელისუფლება დემონსტრანტებს დაპატიმრებებითაც უსწორდება და ისინი ქუჩებიდან და სახლებიდან ერთი მეორის მიყოლებით აჰყავს,“ განაცხადა დეპროს მუჩენამ, „საერთაშორისო ამნისტიის“ უფროსმა დირექტორმა.
თუმცა ბევრად უფრო სასტიკი — და ნაკლებად ხილული — ის ძალადობაა, რომელიც მხედველობის არეს მიღმა ხდება: დაკავებული დემონსტრანტების მიმართ წამების და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმების ფართოდ გამოყენება, რის შედეგადაც ათობით ადამიანს მოტეხილობები და ტვინის შერყევა აქვს
დეპროს მუჩენამ, „საერთაშორისო ამნისტიის“ უფროსმა დირექტორმა.
„უსამართლობის ამ ციკლს მოსამართლეებიც აძლიერებენ, რომლებმაც 100-ზე მეტ თვითნებურად დაკავებულ დემონსტრანტს უმკაცრესი ჯარიმები დააკისრეს და პატიმრობები შეუფარდეს. პოლიციის დანაშაულების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის გამო თვითნებურად დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.“
პროტესტის საპასუხოდ მრავალჯერ იქნა გამოყენებული უკანონო ძალა, მათ შორის ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გამაღიზიანებელი ქიმიური ნივთიერებებია შერეული. ასეთმა ულმობელმა რეაგირებამ დაძაბულობა გაამწვავა, რასაც ძალადობის ცალკეული აქტები მოჰყვა, ძირითადად პოლიციის მზარდი სისასტიკის პასუხად. 100-ზე მეტმა დემონსტრანტმა მძიმე ტრავმები მიიღო, მათ შორის ძვლების მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ძალადობის განსაკუთრებულ სამიზნეებს ჟურნალისტები წარმოადგენდნენ: მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.
„საერთაშორისო ამნისტიამ“ წამების და სხვა სასტიკი მოპყრობის მრავალი შემთხვევა შეისწავლა, რომელთაგან ზოგ სისასტიკეს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი აქვს, მათ შორის აღიარების იძულება და უარი დროული სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
„ყველა… [ვინც გადაყვანილი იქნა] პოლიციის განყოფილებაში, სისხლში იყო ამოთხვრილი. შვიდი თუ რვა ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იყო — ერთს ხელი ჰქონდა მოტეხილი, სახე კი ისე შეშუპებოდა, რომ თვალებს ვერ ახელდა… პოლიციელებმა წინასწარ შედგენილი ოქმები მოგვცეს და გვითხრეს, რომ ხელს თუ არ მოვაწერდით, საქმე „გაგვირთულდებოდა,“ უამბო „საერთაშორისო ამნისტიას“ გელა მეგრელიძემ, ფოტოგრაფმა, რომელიც 1 დეკემბერს დააკავეს.
ლაზარე მაღლაკელიძემ, რომელიც 2 დეკემბერს დააკავეს, ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და თავზე სერიოზული ტრავმები დაკავებისას მიიღო, როდესაც ის, მისივე თქმით, რამდენიმე პოლიციელმა სცემა. როგორც მან „საერთაშორისო ამნისტიას“ უამბო, „[პოლიციას]გამოშიგნული და დაბურულმინებიანი ავტოფურგონები აქვს, რომლებსაც დემონსტრანტების საწამებლად იყენებს. ყველა, დაახლოებით 50-100 პოლიციელი მონაწილეობდა ამაში; ფურგონში ჩვენი შეთრევისას გაიგონებდით, როგორ ყვიროდნენ, „ახლა დაიწყება მხიარულება.“ ყველა, ვინც იქ ტრიალებს, გირტყამს, გამცირებს იმ ფორმით, როგორითაც მოესურვება.“
[პოლიციას] გამოშიგნული და დაბურულმინებიანი ავტოფურგონები აქვს, რომლებსაც დემონსტრანტების საწამებლად იყენებს
ლაზარე მაღლაკელიძე
განსაკუთრებით შემზარავი ამბავი დავით აბულაძის, სმენის არმქონე დემონსტრანტის შემთხვევაა, რომელიც პოლიციამ 3 დეკემბერს დააკავა. ის მასობრივ დემონსტრაციაზე კი არ დააკავეს, არამედ მერე, როდესაც პროტესტის მიმდინარეობის ადგილიდან რაღაც მანძილის მოშორებით საკვებს იღებდა და ტერიტორიას ტოვებდა. მონათხრობის თანახმად, ის ჯერ ქუჩაში სცემეს, შემდეგ — პოლიციის მანქანაში, მერე კი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ სამედიცინო დახმარებისა და თარჯიმნის გარეშე. დავით აბულაძე მძიმე დაზიანებებით, მათ შორის თავის ტრავმით და ტვინის შერყევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
4 დეკემბრის შემდეგ დემონსტრანტების დაშინებას და მათზე ძალადობას მხოლოდ სამართალდამცველები კი არ სჩადიან, არამედ დაუდგენელი ნიღბიანი და შეიარაღებული პირებიც. ეს პირები, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულნი, დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს ემუქრებიან და თავს ესხმიან, ხშირად პოლიციის აშკარა ხელშეწყობით.
პოლიციის მხრიდან სისასტიკის შესახებ ასობით შეტყობინების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი თუ შეიარაღებული ჯგუფის ნიღბიანი წევრი არ გამოუვლენიათ და პასუხისგებაში არ მიუციათ. მოსამართლეები, როგორც წესი, უპირატესობას პოლიციის ჩვენებებს ანიჭებენ და ვიდეომტკიცებულებებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს უგულებელყოფენ, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ძირს უთხრის და სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ დაუსჯელობას განამტკიცებს.
„საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები, აღასრულოს სამართლიანობა მსხვერპლთა მიმართ და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოხატოს სოლიდარობა, რათა ხელისუფლებამ დაიცვას თავისი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.